საიდუმლო არ არის, რომ ბევრ უფროსს მოსწონს თანამშრომლების გონებაში „შეღწევა“, რათა გაიგონ, რას ფიქრობენ, რას გეგმავენ და ა.შ. ახლა კი ეს იდეა განხორციელების გზას დაადგა — ბოლო წლების განმავლობაში გაჩნდა რამდენიმე კომპანია, რომლებიც დამსაქმებლებს გონების წამკითხველ მოწყობილობებს სთავაზობენ. სტატიაში ვისაუბრებთ ასეთი მოწყობილობის დადებით და უარყოფით მხარეებზე.
EEG ჰედსეტები
InnerEye — ისრაელში დაფუძნებული კომპანია, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი EEG ჰედსეტები (ElectroEncephaloGraphic headset), მანქანურ სწავლებას ადამიანის გონებასთან აერთიანებს. ასეთი ჰედსეტი ეხმარება დასაქმებულს სამუშაოსთან დაკავშირებული გაურკვევლობის მარტივად აღმოფხვრაში. სტარტაპ Emotiv-ის განცხადებით კი, მათ შეუძლიათ, უსადენო EEG ჰედსეტების დახმარებით აკონტროლონ თანამშრომელთა კეთილდღეობა.
დისტოპიურია? რა თქმა უნდა, მაგრამ ეს კომპანიები გამონაკლისი არ არის. როგორც IEEE-ს Spectrum იუწყება, ეს მზარდი ბაზარია და მასში დამსაქმებლებიც იწყებენ ინვესტირებას.
ამ კლასის მოწყობილობების ზოგადი მნიშვნელობა კი ნაცნობია — ეს არის ინსტრუმენტი არა მხოლოდ პროდუქტიულობის გაზრდის, არამედ თანამშრომლების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ტექნიკურად, მათ შეუძლიათ, დასაქმებულები აკონტროლონ. უბრალოდ, ამას ისე აღწერენ, როგორც თავად თანამშრომლებისთვის სასიკეთო ქმედებას — სწრაფი, თითქმის დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარებით, InnerEye-ის AI ჩვეულებრივ მუშახელს სუპერ ადამიანებად აქცევს. ხოლო Emotiv „ადამიანთა ბედნიერებაზეა ფოკუსირებული“.
„ჩვენ არ უარვყოფთ ამ ტექნოლოგიის დისტოპიურ პოტენციალს. ამიტომაც, ძალიან ფრთხილად ვირჩევთ პარტნიორებს, რომლებსაც ამ ტექნოლოგიის გამოყენება სურთ — მათ თანამშრომლების დახმარების და გაძლიერების გულწრფელი სურვილი უნდა ჰქონდეთ“, — აცხადებს ტან ლე, Emotiv-ის აღმასრულებელი დირექტორი.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მარკეტინგის ამგვარი მიდგომა ამ მოწყობილობებს “bossware”-ისგან განასხვავებს — სამომხმარებლო ტექნოლოგიების მზარდი სფეროსგან, რომელიც დასაქმებულების სამეთვალყურეო სისტემას აყალიბებს. თუმცა მარკეტინგი მხოლოდ მარკეტინგია და მონაცემთა გავრცელებისა თუ bossware-ის მუდმივი ზრდის გათვალისწინებით, ხალხს საკმაოდ ლოგიკური ეჭვები უჩნდებათ.